ხშირია შემთხვევები, როდესაც მიუხედავად ხარისხიანი სამუხრუჭე ხუნდების დაყენებისა, ხმაური მალევე იჩენს თავს. ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს განვიხილავთ ყველაზე პრობლემურს დახაზულ სამუხრუჭე დიკსებს (“აპორნებს”).
იდეალურ შემთხვევაში სამუხრუჭე დისკის ზედაპირი მინასავით გლუვი უნდა იყოს. სამწუხაროდ დისკების უმეტესობა მეტ-ნაკლებად დახაზულია. ეს ტალღისებრი „ხაზები“ (დისკის ამოზნექილი და ჩაზნექილი ნაწილები) ხელს უშლის ხუნდს იმაში, რომ დისკის სრულ ზედაპირს მოეჭიდოს. ეს საგრძნობლად ამცირებს ახალი ხუნდის ეფექტურობას. გარდა ამისა, სამუხრუჭე დისკის საკონტაქტო წერტილები (ამოზნექილი ნაწილები) თერმულ დატვირთვას ვერ უძლებენ, რაც მათ გამაგრებას იწვევს. საბოლოოდ ეს ნაწილები ტყდება და სამუხრუჭე ხუნდში იჭედება. შედეგად ვიღებთ, რომ ხუნდში ჩაჭედილი ნაწილაკები სამუხრუჭე დისკს უფრო მეტად ცვეთს და უფრო ღრმა „ხაზებს“ უჩენს. რა თქმა უნდა ამას ახლავს ხუნდის მომეტებული ცვეთა, ვიბრაცია და შესაბამისად ხმაურიც (კივილი, წრიპინი და ა.შ).
აქედან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში სასურველია ახალი ხუნდების დაყენებამდე დისკი მოხვეწოთ("გააშლიფოვკებინოთ"). სამწუხაროდ მოხვეწის წესებს საქართველოში უმეტესად არ იცავენ, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს. ამაზე შემდეგ სტატიაში გვექნება საუბარი.